“წელს მაღალჩინოსნებმა მივლინებებში 19 მლნ ლარი დახარჯეს” | 13.09.2022

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანალიზი გამოაქვეყნა.  არასამთავრობო ორგანიზაციის ინოფრმაციით,  მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსავლები შევიდა და გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.  ორგანიზაცია კვლევის რამდენიმე მიგნებას გამოყოფს, კერძოდ ბიუჯეტის 17 პროგრამის 6 თვის გეგმა 50%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 5 პროგრამაზე თანხა საერთოდ არ დახარჯულა. ეს პროგრამებია: საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, თბილისის მეტროს პროექტი, თბილისის ავტობუსების პროექტი, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა და აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი. ამავე კვლევით ირკვევა, რომ  2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი. წინა წელთან შედარებით,  შემცირებულია მივლინებებზე გაწეუილი ხარჯი.  წელს მაღალჩინოსნებმა მივლინებებში 19 მლნ ლარი დახარჯეს. ორგანიზაციამ  ანგარიშს რეკომენდაციები დაურთო, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობამ გეგმიურთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი წლის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს. ორგანიზაციის შეფასებით,  სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს  ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებიც.