მორიგი მძიმე ბრალდება “ოცნებას” და კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან | 12.09.2022

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.  სოსო გოგაშვილი წერის ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან სისტემატიურად თანამშრომლობენ, მათ შორისაა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ტერიტორიაზე ფარულად ჩავიდა, და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს – ალექსეი ბორტნიკოვს, შეხვდა.  გოგაშვილის თქმით, მოლაპარაკებები  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის  სამ მაღალჩინოსანს შორის 2016 წელს, ვლადიკავკაზში შედგა. გოგაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისთვის უსაფრთხო დერეფნების გამოყოფა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იყო.

“არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია ჩემი ყოფილი სამსახური – სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო. ამ მიმოქცევის გაკონტროლება გარედან ძალიან რთულია, ისეა დახურული სისტემა, თუმცა ერთეული შემთხვევები უკანონო გადაზიდვების შესახებ გახდა საჯარო. 2016 წელს ივანიშვილის დავალებით მე ვიმყოფებოდი ვლადიკავკაზში ეფ ეს ბეს საიდუმლო ბაზაზე, რადგან ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ კომუნიკაციაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ახლადშექმნილი სამსახურის, ანუ სუსის ხელმძღვანელობასთან გაცნობა. მე თან მახლდა ჩემი მძღოლი, ასევე სოსო ჭელიძე და ირაკლი ჩიმაკაძე. ჩვენ ვიმყოფებოდით ჩემი სამსახურეობრივი ავტომანქანით. ბაზაზე დამხვდა ეფ ეს ბეს გენერალი, სედოვი, რომელიც შემხვდა მხოლოდ მე, შეხვედრა გაგრძელდა 30 წუთი, სადაც დაიგეგმა ჩვენი უფროსების, ბორტნიკოვის და გომელაურის შეხვედრა.  შემდეგ როგორც დაიგეგმა, ჩაინიშნა ჩვენი უფროსების შეხვედრა, რომელიც შედგა იგივე ქალაქში და გაგრძელდა 3 საათი.  ამ შეხვედრების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ჩვენ ვმასპინძლობდით ორ ეფ ეს ბეს გენერალს, სედოვს და ბესედას. მათთან შეხვედრა და სუფრა მომზადებული იყო კონსპირაციულად მცხეთაში მდებარე ვახტანგ გომელაურის კუთვნილ რესტორანში. იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი. ეს სისტემა გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს დღემდე. როდესაც არის გასატარებელი რაიმე ტვირთი, მიდის შეტყობინებები საპატრულო პოლიციასა და საბაჟო დეპარტამენტში, რათა არ მოხდეს მათი შემოწმება, ხანდახან ტვირთები ისე გადის, რომ საერთოდ არ ფიქსირდება საზღვარზე. დღესაც მუშაობს ეს აწყობილი სისტემა, ახლა კოორდინაციაში არის სუსის ახალი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც  კავშირს სანდო ოფიცრების საშუალებით ახორციელებს,” – წერს სოსო გოგაშვილი.

საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირების შესახებ ინფორმაცია პირველად „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს გაჟღერდა. დღეს კი ინფორმაცია სოსო გოგაშვილმა დაადასტურა. რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ – ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს – სედოვს და ბესედას. “ტვ პირველის” გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.