გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელიზაბედ მეორეს ემშვიდობება | 09.09.2022

გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელიზაბედ მეორეს ემშვიდობება. მონარქის გარდაცვალების გამო დიდ ბრიტანეთში გლოვაა გამოცხადებული, რომელიც დედოფლის დაკრძალვის შემდეგ კიდევ 7 დღე გაგრძელდება. ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და უინძორის სასახლეში ზარები ადგილობრივი დროით 11 საათზე დარეკეს. ქვეყნის მასშტაბით დაუშვეს სახელმწიფო დროშები. ქვემეხებმა კი 96-ჯერ გაისროლეს. თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნა.

დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდება ბუკინგემისა და ბალმორალის სასახლეებთან, სადაც მონარქმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა. მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და ელიზაბედ მეორეს ემშვიდობებიან. ამბობენ, რომ ელიზაბედ მეორე იყო სიმბოლო და მსოფლიო მასშტაბის ლიდერი, რომელმაც გაერთიანებული სამეფო ყველაზე დიდ ხანს და წარმატებულად მართა.

ელიზაბედ მეორე გუშინ საღამოს 96 წლის ასაკში შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. დედოფლის ჯნმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუარესდა და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი ჩარლზი გახდა. მეფე ჩარლზ მესამე პირველ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან გამართავს. ის ბალმორალის სასახლიდან ლონდონში უკვე ჩაფრინდა.

“ჩემი საყვარელი დედის, მისი უდიდებულესობა დედოფლის გარდაცვალება ჩემთვის და ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტიაჩვენ ვგლოვობთ დაფასებული მონარქისა და საყვარელი დედის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მის დაკარგვას მთელ ქვეყანაში, სამეფოებსა და თანამეგობრობაში და მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი მწვავედ იგრძნობს.ამ გლოვისა და ცვლილებების მომენტში, მე და ჩემს ოჯახს გვანუგეშებს და გვაძლებინებს ცოდნა იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის შესახებ, რაც დედოფლის გარშემო ასე ფართოდ იყო გავრცელებული” – წერს მეფე ჩარლზი.

დედოფალ ელისაბედისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ ბრიტანეთის პარლამენტის წევრები. შეხვედრა თემთა პალატაში წუთიერი დუმილით დაიწყო. დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ, ბრიტანეთის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრები და ხაზს უსვამენ ელისაბედ II-ის როლს როგორც ბრიტანეთის, ასევე მსოფლიო ისტორიაში:

დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი გაერთიანებულ სამეფოს ყველაზე დიდ ხანს 70 წელი მართავდა. ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაურიც იყო. მოსალოდნელია, რომ ელიზაბეტ მეორის ცხედარს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვა სავარაუდოდ, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.