დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო სამეფო ოჯახის მიმართ სამძიმრის წერილები არ წყდება. საგანგებო მიმართვებს მსოფლიო ლიდერები ავრცელებენ. გერმანიის კანცლერი ელისაბედ II-ის გარდაცვალებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. ოლაფ შოლცის თქმით, დედოფალი იყო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსახიერება. სხვა ლიდერების მსგავსად დედოფალი გაიხსენა ემანუელ მაკრონმაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დედოფალი ელისაბედი საფრანგეთს რთული გზის გავლაში მთელი 70 წლის განმავლობაში ეხმარებოდა.
„ელისაბედ II შეუდარებელი ღირსების მქონე სახელმწიფო მოღვაწე იყო“ – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დედოფლის გარდაცვალებას. ჯო ბაიდენის თქმით, დედოფალ ელისაბედ II-ის შვიდი ათწლეული კაცობრიობის უპრეცედენტო წინსვლისა და ადამიანური ღირსების წინსვლის ეპოქის მოწმე იყო.
დედოფლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელისაბედ II შემართებისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებისა და ღირსების მაგალითი იყო, რითაც ისტორიაში უნიკალური ადგილი დაიმკვიდრა. დედოფლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქარტველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემისა და სიყვარულის ობიექტი.