ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცება, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუფცია – ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში, ფესვგადგმული კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს ითვალისწინებს. USAID- ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოსთვის კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა, დაიხურა. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ეს ყოველივე ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, როგორიც კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. ვრცელ დოკუმენტში საქართველოში არსებული კორუფციის მიზეზად, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა. დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი სახელობითად მოხსენიებული არ არის, თუმცა საუბარია ერთ ოლიგარქზე, რომელსაც გავლენები აქვს პოლიტიკურ პროცესებსა და მმართველ გუნდზე, ასეთი კი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.