სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები!დაშანტაჟების მიზანი რომ არის „მეორე ფრონტი“,თქვას პირდაპირ, კაცურად | 06.09.2022

“სჯობს, არახამიამ გახსნას კარტები და ეს ორი საკითხი გააერთიანოს – დაშანტაჟების მიზანი რომ არის „მეორე ფრონტი“, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად,”ასე  ეხმაურება ირაკლი კობახიძე უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების სიის გამოქვეყნებას, სადაც ბიძინა ივანიშვილიცაა შეყვანილი. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში სანქციების საკითხი ერთგვარი შანტაჟია, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. კობახიძე შანტაჟში უკრაინის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, დავით არახამიას ადანაშაულებს.

უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების  სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, მათ შორის, 12 ქართველია.  მიზეზი ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა.  სიაში  ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოხვდა, მისი ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიც. ჩამონათვალშია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის დეიდაშვილი,  უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი. სიაში ასევე არიან- ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე და ქეთევან ხარაიძე. გვარები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.