ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ევროკომისიის ძირითად მოთხოვნას არ მიჰყვება და ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად არასოდეს აღიარებს. ისევე, როგორც, არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობას და არ შეასრულებს ე.წ შარლ მიშელის შეთანხმების პირობებს. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებზე, პარლამენტში, ცალკე ჯგუფებში მუშაობდნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი სამუშაო პროცესების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მმართველმა პარტიამ მათ სამოქმედო გეგმას, ბოიკოტი გამოუცხადა. განცხადებაში საპარლამენტო ოპოზიცია წერს, რომ მათ ევროკომისიის 12 რეკომენაციაზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
2 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათი შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. რეკომენდაციებზე, ოპოზიცია და ქართული ოცნება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ.