რა მთავარი გზავნილები აქვთ სტრატეგიულ პარტნიორებს | 05.09.2022

„უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის“ – ასეთია ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საერთაშორისო კონფერენციიდან „დიდება უკრაინას“. საგანგებოდ ამ კონფერენციისთვის ქვეყანაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, კონფერენციაში მონაწილეობას ქართველი პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც  იღებენ. რა მთავარი გზავნილები აქვთ დღეს სტრატეგიულ პარტნიორებს? –  გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ისეთი მკაფიო აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო. ევროპარლამენტარი დემოკრატიის გზაზე  მთავარ პრობლემად დეოლიგარქიზაციას ასახელებს და ამბობს, რომ ეს საკითხი აუცილებლად გადასაჭრელია.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილსა და დემოკრატიულ რეფორმებს შორის. ამბობენ, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია აუცილებლად შესასრულებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში  ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. უცხოელი დიპლომატებისა და ექსპერტებისთვის ასევე გაუგებარია რას ემსახურება “ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა,  რომელიც ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ არის მიმართული.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ქართველ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პუტინის ომსა  და  რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ. ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლზე დისკუსიაში  მონაწილეობენ  არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საერთაშორისო კონფერენცია არაოფიციალურად სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზიდან დაიწყო. დასავლელმა პარტნიორებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატეს  საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.  2 წლის შემდეგ კონფერენეცია საქართველოში პირველად ტარდება. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს.