2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, მათ შორის, 551-მა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. კვლევის ავტორი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტია, რომელმაც მონაცემები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე გაიცა. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ მიიღო.
საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ამბობს, რომ საქართელოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით 2022 წელს რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება იყო მიღებული. მათგან მხოლოდ 728 პირს მიენიჭა მოქალაქეობა. მათი განცხადებით, მოქალაქეობა მინიჭებული 728 პირი “წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ.