განიხილება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი – საპარლამენტო უმრავლესობაში აზრი ორად იყოფა. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი ითხოვს, სარჩელი განიხილონ, რათა ამიერიდან კონსტიტუციის განსხვავებული ინტერპრეტაციით წაკითხვის შესაძლებლობა არავის მიეცეს. ნაწილის თქმით, კი მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდა და შესაძლოა, აღარ იყოს იმის აუცილებლობა, რომ მათი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარჩეს. მთავრობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნის პროცესს ხელი შეუშალა, რაც მათი თქმით, საკონსიტიტუციო ნორმის დარღვევაა, პრეზიდენტის სიმბოლურ უფლებამოსილებას სცდება და მთავრობის უფლებამოსილებაში იჭრება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის გამოწვევაზე გუშინ ალაპარაკდა. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ხელი მოაწერა, პრეზიდენტს კიდევ შვიდი ელჩის დასამტკიცებლად მიმართეს. ეს ინფორმაცია ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა და ისიც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან კომპრომისი არასწორად გაიგეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ყოველთვის დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოს და არავის მისცეს უფლება მის კომპეტენციაში შეიჭრას.
პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი რომ უფრო ღრმავდება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის მეთაურს დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გადახედვას ურჩევს. სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას” ანტიამერიკული კამპანია დაუწუნა და პრემიერს მოუწოდა “ოცნებიდან” ფორმალურად წასულ ოთხეულს გაემიჯნოს. ზურაბიშვილს უკვირს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში იმისთვის, რომ პარტნიორები რეკომენდაციების შესრულების პროცესში დაერწმუნებინა. პრეზიდენტის განცხადებებიდან მალევე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ელჩ კელი დეგნანისადმი ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ოთხეულის წერილებსა და კითხვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ “კრიტიკული კითხვების დასმა და პოლემიკის გავრცობა არ არის საჭირო”. ღარიბაშვილმა რიტორიკა შეარბილა, კელი დეგნანი შეაქო და თქვა, რომ შეერთებული შტატები “ყველაზე ძლიერი და მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფოა”. “ქართულ ოცნებაში” პრემიერს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქართველოსა და შტატებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ირწმუნებიან, რომ ზურაბიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური და ანტიამერიკული გზავნილებისა და ქმედებების დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ“ – საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მოსმენების კანონის გამოც და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა რომ უსმენენ. კანონპროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 22 ივნისს კი პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ე.წ. მოსმენების კანონში მმართველი გუნდის მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიამ დაიწუნა და კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელსაც ქართული ოცნება არ ეთანხმება და არაარგუმენტირებულად მიიჩნევს.