რუსეთისა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდება – ბორელი | 31.08.2022

პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროგაერთიანებასა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწიეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემულ ახალი ვიზების რაოდენობას, რადგან პროცესი გართულდება და გახანგრძლივდება. ბორელის განმარტებით, ამ დრომდე სავიზო რეჟიმი ნაწილობრივ იყო შეჩერებული, მხოლოდ სპეციფიკური პირებისთვის, მათ შორის ოფიციალური პირებისთვის და მეწარმეებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნა, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან “მეზობელ ქვეყნებში რუსეთიდან სასაზღვრო კვეთებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა”, რაც “ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების რისკად იქცა”.

“ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყნებში გადამსვლელთა რაოდენობის არსებითი ზრდა. ეს გახდა უსაფრთხოების რისკი ამ ქვეყნებისთვის. დამატებით ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომელიც მოგზაურობს დასასვენებლად და შოპინგისთვის, ისე, თითქოს ომი არ მიმდინარეობდეს უკრაინაში.ჩვენ უკვე დავაწესეთ სპეციფიკური აკრძალვები იმ პირთათვის, ვინც მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს, თუმცა ჩავთვალეთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს ჯერ არაა ლეგალური ტექსტი, მაგრამ არის პოლიტიკური თანხმობა, რომ რუსეთისა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება სრულად შეჩერდება, ამ დრომდე ის მხოლოდ ნაწილობრივ იყო შეჩერებული. ვიზების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, რომელიც მოახდენს პოტენციური ვიზებით ვაჭრობის პრევენციას რუსების მხრიდან. ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა, მოვწყდეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას. შევთანხმდით, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორებზე გაცემული პასპორტები არ იქნება აღიარებული. ასევე,  დებატების დროს, რომელიც იყო ხანგრძლივი და კონსტრუქციული, შეშფოთება გამოითქვა მილიონობით არსებულ ვიზასთან დაკავშირებით და არსებობს საერთო გაგება, რომ ეს საკითხიც გადასაჭრელია.ეს სიტუაციაც საჭიროებს საერთო მიდგომას. ამიტომ ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, გადახედოს ამ საკითხს და კონკრეტული რეკომენდაციები შემოგვთავაზოს,” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

საკითხთან დაკავშირებით პრაღაში ორდღიანი არაფორმალური შეხვედრები მიმდინარეობდა. წევრი ქვეყნების ნაწილი  რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოითხოვდა. არ არის გამორიცხული, რომ რიგმა ქვეყნებმა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღონ და ქვეყანაში რუსი ტურისტების შესვლა აკრძალონ. საუბარია, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე, ასევე ფინეთსა და პოლონეთზე.