მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან. მედიკოსებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სპეციალურ დოკუმენტს გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი მოამზადებს. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა ცნობილი სავარაუდოდ სექტემბერში გახდება. ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მთავარ გამოსაკვლევ საკითხებს სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მკურნალობის მიმდინარეობა წარმოადგენს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ სწორედ უცხოელი ექსპერტების დასკვნა შესაძლოა გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშ თუ დასკვანიში იქნება აღნიშნული, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამის შემდგომ დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ექსპერტიზაში კიდევ 3 ექსპერტი ჩაერთვება. მომდევნო დღეებში ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან. მათ ასევე დაემატება ერთი ექსპერტი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს. სამედიცინო დასკვნას უცხოელი ექსპერტები სექტემბერში მოამზადებენ.