ოთხეულის ახალი განცხადება | 26.08.2022

“ქართული ოცნება” საქართველოში ამერიკის ელჩს ისევ ფორმალურად წასული დეპუტატების სახელით უპირისპირდება. მმართველი პარტიიდან “განდგომილებმა” მორიგი ანტიდასავლური განცხადება გაავრცელეს. ამჯერად სუბარის, ხუნდაძის, ყაველაშვილისა  და  მაჭარაშვილის წერილი მადლობით იწყება, რომელიც კელი დეგნანს ეკუთვნის. მათი თქმით, მადლობა ირონია ნარევი არ არის და ამერიკის ელჩი მისი განცხადებებით ოთხეულს საზოგადოებამდე სიმართლის მიტანაში ეხმარება, რადგან  მათი აზრით, ელჩის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა. “ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები კელი დეგნანს  რევოლუციის მოწყობის მცდელობასა და ტყუილის თქმაში ადანაშაულებენ. აკრიტიკებენ “სამართლიანი არჩევნების” მხარდაჭერისა და “გავრილოვის ღამის” შესახებ გაკეთებული განცხადებების გამოც. დეპუტატები ამ უკანასკნელთან მიმართებაში დეგნანს ურჩევენ ცოტა ილაპარაკოს. ოთხეულს კიდევ უფრო მძიმე ბრალდებების გაჟღერება არ დავიწყებია. ამბობენ, რომ საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. წერილში დეპუტატები წერენ, რომ, ეჭვი არ ეპარებათ,  ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბებაა.

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული ოთხეული კელი დეგნანს 3 კრიტიკული ტელევიზიის – “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” დასანქცირების გაპროტესტების გამოც აკრიტიკებენ. კომუნიკაციების კომისიამ შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის “ფორმულას” და “ტვ პირველს” გაფრთხილება მისცა, “მთავარი არხი” კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კელი დეგნანმა თქვა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება “მოვლენათა სამწუხარო განვითარებაა” და სინამდვილეში სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხია. ოთხეულის მტკიცებით კი, ტელევიზები “სირცხვილიას” კლიპის გაშვების გამო ლეგიტიმურად დაჯარიმდნენ, ხოლო ელჩის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი საელჩოს მოფიქრებული და დაორგანიზებულია.

საქართველოში ამერიკის  ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენი დღის წინ თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის სათავე, მათ შორის, გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებებია.