“ოცნების” წარმოებული აგრესიული კამპანია არასამთავრობოების მიმართ საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა” | 25.08.2022

“ქართული ოცნების” მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა” – ამის შესახებ 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია საუბარი. ამბობენ, რომ ორგანიზაციებზე თავდასხმა “ქართული ოცნების” მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანს ატარებს, რაც ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს. მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება” იაზრებს შედეგს, თუმცა არსებული რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება.

მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით თავს მას შემდეგ დაესხა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მონაწილეობა დაბლოკა, რასაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჯგუფებში მუშაობის შეჩერება მოჰყვა. ოცნებაში მიიჩნევენ, რომ სამუშაო პროცესში  ჩართული უნდა იყვნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ემიჯნებიან და მათივე თქმით, არჩევნების  გაყალბებაში შემჩნეული არ არიან.