“აფხაზეთი მზადაა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს”- ასლან ბჟანია | 25.08.2022

“აფხაზეთი მზადაა ბელარუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე/წ  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ,  კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში განაცხადა. ბჟანიას თქმით,  აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან მტკიცე კავშირი ესაჭიროება  და სამოკავშირო სახელმწიფოს იდეა მათ ინტერესებშია.  მანამდე ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზი ხალხი მუდმივად დაუჭერს მხარს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებს, ე.წ პრეზიდენტის  განმარტებით, აფხაზი ხალხი დონბასელების დასაცავად იბრძვის, რათა ნატო-ს რუსეთის დაშლის გეგმებს ხელი შეუშალოს.

ნათელია, რომ ცალპოლუსიანი მსოფლიო ჩამოინგრა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალურ ოპერაციას, სრულიად განსხვავებული რეალობა იქნება. ხელისუფლებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნათელი იქნება, ვინ არის ნამდვილი მოკავშირე, ვინ იდგა გვერდში ამ მძიმე დროს და ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარკვეული კონტურები გამოიკვეთება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ამაში მონაწილეობისთვის მზად ვართ“, განაცხადა ასლან ბჟანიამ.