ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, პრობლემას ბათუმის მერის მოადგილისა და აქციის ორგანიზატორს შორის მიმოწერის გამოაშკარავებაში ხედავს. მერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა. მისი განცხადებით, ინსპექტორი უნდა დაინტერესდეს იმ ფაქტით რომ გუშინ მედიაში მისი მოადგილის, სოფო ხალვაშისა და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მიმოწერა გავრცელდა.
ჩიქოვანმა დღეს “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციაში დაადანაშაულა და თქვა რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ბათუმში, საოცრებათა მოედანზე იგეგმება, თუმცა ორგანიზატორებს მერიამ პრობლემები შეუქმნა და სცენის მონტაჟზე უარი ბოლო წუთებში უთხრა. მერის მოადგილეს კი კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა – ან კონცერტი ან ვიდეოები – ეს პირობა წაუყენა სოფო ხალვაშმა ორგანიზატორებს, როცა გაიგო რომ კონცერტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოების გაშვებას აპირებდნენ. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა ალტერნატიული სცენის დადგმა გადაწყვიტეს, თუმცა ბათუმის ზედამხედველობამ ნებართვა მოითხოვა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება დღეს მაინც გაიმართება.