დამოუკიდებლობის დღე ომის პირობებში – უკრაინა თავისუფლების 31 წლისთავს აღნიშნავს | 24.08.2022

უკრაინა თავისუფლების 31 წლისთავს აღნიშნავს. მსოფლიოს 24  ქვეყნის 51 დიდი ქალაქი დღეს უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება. ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერი აქციები სახელწოდებით „თავისუფლება ჩემს გულში“ თბილისსა და ბათუმშიც დაიგეგმა. ორგანიზატორები უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები არიან. მსვლელობა და აქციები დღეს უკრაინული, ეროვნული სიმბოლიკით გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას საღამოს 19:00 საათზე  რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.