ირაკლი კობახიძის მორიგი კრიტიკა ამერიკის საელჩოს | 23.08.2022

ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის თავჯდომარე  არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-თან დაკავშირებით, სალჩოს განცხადებას აფასებს და თვლის, რომ ის შოკისმომგვრელია. კობახიძის შოკს განცხადების ის ნაწილი იმსახურებს, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის საელჩო  „სამართლიანი არჩევნების“  ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში ჩართვას ითხოვს. კობახიძისთვის  საელჩოს ეს პოზიცია  გაურკვეველია. ამბობს, რომ დიდი ხანია ნათლად ჩანს ISFED-ის რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობის  გამოხატული პოლიტიკური მიზანი,  ამიტომ მათი სამუშაო პროცესში ჩართვა გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი,  მმართველმა პარტიამ გასულ კვირას  შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო.  ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს”  კი “ქართულმა ოცნებამ” ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს. “სამართლიანი არჩევნების” პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც” რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ კი   მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა დროებით შეაჩერა.