აბსურდია ყველაფერი, ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები, მეცინება უბრალოდ – გომელაური გოგაშვილზე | 19.08.2022

შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ მათ შორის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა. გომელაური ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელისთვის არანაირი ივანიშვილის დანაბარები და მუქარა არ გადაუცია. გომელაურმა დღეს გოგაშვილს შეახსენა, რომ სწორედ მისი დამსახურებით დაწინაურდა სხვადასხვა დროს თანამდებობებზე და შეახსენა ისიც, თუ რატომ გაათავისუფლეს 2018 წელს.

ვახტანგ გომელაური პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით  სოსო გოგაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არა მას, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრება. გომელაურმა აღნიშნა, რომ გოგაშვილი სპეცოპერაციისას პანკისში არ იმყოფებოდა. მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ოპერაციას ატარებდა, მის დაქვემდებარებაში იყო, თუმცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება არ გაუცია.

ყოფილი მაღალჩინოსანი  საკუთარ სახლში 16 ივლისს დააკავეს.  სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.    სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე  ამტკიცებს, რომ  საპატიმროში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც  ქართული ოცნების “მხილების კამპანია” წამოიწყო.