“იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში” – ნეკა დოროყაშვილის სკანდალური ჩვენება სასამართლოს | 16.08.2022

“ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში” – ეს მძიმე ჩვენება ნეკა დოროყაშვილმა, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლოში  მისცა. დოროყაშვილმა ისაუბრა ყოფილი მეუღლის  მხრიდან წლების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ნეკა დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი იმის გამოც შეურაცხყოფდა, რომ მათი შვილი დროზე ადრე დაიბადა. როგორც ის განმარტავს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი მის მიმართ ქორწილის დღესაც ჰქონდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ბრალდებებს უარყოფს დაცვის მხარე. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.