“აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ, უნდა შეწყდეს გამანადგურებელი შიდა ბრძოლები” | 16.08.2022

“შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ” – ამ განცხადებას  “რადიო თავისფლებასთან”  ინტერვიუში,  ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის  სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი აკეთებს.  მისი შეფასებით, საქართველოში უნდა შეწყდეს დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდა პოლიტიკური ბრძოლები,  სახელისულფებო პარტიასა და ოპოზიციას შორის.  სამხედრო ექსპერტი  ვრცელ ინტერვიუში განიხილავს  იმ შემთხვევას,  თუ  რამდენად რეალურია, უკრაინის მოვლენების ფონზე, საქართველო ისევ აღმოჩნდეს სამხედრო საფრთხის წინაშე. ამერიკელი ექსპერტი  “რადიო თავისუფლებასთან” საუბრობს,  თუ რა გეგმით უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ.

“რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე – და თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს ხანგრძლივად ვერ მოხერხდება, ალბათ ხუთიდან შვიდ დღემდე, და შემდეგ ე.წ. დივერსიული მოქმედებების სტრატეგიაზე გადავიდეს: რუსებს უფლება არ მისცეს, საკვანძო ქალაქები აკონტროლონ.  შეძლებს თუ არა საქართველო, გაძლოს 5-7 დღე ასეთი ტიპის ომში, დამოკიდებულია ოპერაციულ გეგმაზე – თუ როგორ გამოიყენებს საქართველო თავის მწირ რესურსებს . საქართველოს არ ძალუძს ისეთი ომის წარმოება, რასაც დღეს დონბასში ვხედავთ. რა უნდა გააკეთოს ახლა საქართველომ?  – მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო – ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია.  ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს – მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში,” – რობერტ ჰამილტონის ინტერვიუ “რადიო თავისუფლებასთან”.