ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, დუმილი ომის მხარდაჭერას ნიშნავს | 15.08.2022

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დუმილი მხარდაჭერას ნიშნავს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით დისკუსიები ყოველდღე ფართოვდება. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც უკრაინაში  ხდება.

“უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბოროტება ასეთ მასშტაბებს იღებს, ადამიანების დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება. ბოროტების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლის უარყოფა მისი დახმარება ხდება. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ არ იბრძვით, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ. სადაც არ უნდა იყოთ – როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ – თქვენი ხმა უნდა ჟღერდეს უკრაინის მხარდასაჭერად და, შესაბამისად, ამ ომის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და იმაზე, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მოქალაქეებმა იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. რუსული პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ მსჯელობა დღითიდღე ფართოვდება, მას ახალი სახელმწიფოები და ახალი პოლიტიკოსები უერთდებიან. საბოლოო ჯამში, ამან უნდა გამოიწვიოს შესაბამისი გადაწყვეტილებები,” –  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.