სანქციები შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც პირდაპირ და ირიბად ეხმარება პუტინის ომს – მაიკ მაკფოლი | 11.08.2022

“სანქციები შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც პირდაპირ და ირიბად ეხმარება პუტინის ომს” – ასე უპასუხა საერთაშორისო სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მაიკ მაკფოლიმ კითხვას – ემუქრება თუ არა პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს?!  რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი  და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი,  კონკრეტული გვარების დასახელებისაგან თავს იკავებს თუმცა ამბობს, რომ   ჯგუფის წევრების ნაწილს ჰქონდა სურვილი, ემსჯელა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სანქცირების რეკომენდაციის გაცემაზე, თუმცა, ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  ამერიკელმა დიპლომატმა სანქცირების საკითხზე რუსეთის კვლევის ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელი, არაპარტიული ჯგუფია და არავითარი ფორმალური კავშირი არ გვაქვს არც ერთ მთავრობასთან. ჩვენ ყოფილი თანამდებობის პირები ვართ, უმეტესობა პროფესორია. ბევრი უკრაინიდანაა, ბევრი – აშშ-დან, ზოგი გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი. არავინ გვყავს საქართველოდან. ჩვენ არაფორმალურად ვხვდებით, ბევრი ქვეჯგუფი გვაქვს. ვხვდებით ყოველ კვირას. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა ქვეჯგუფმა თქვა, არა იმან, რომელსაც მე ვთავმჯდომარეობდი, რომ თუ გვსურს, უფრო ეფექტურები ვიყოთ სანქციებში, უნდა გავცდეთ რუსეთს და ბელარუსის, გერმანიის, საქართველოს მოქალაქეების სანქცირების რეკომენდაციაც გავცეთ.  მაგრამ, ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამაზე წერილი არ გამოგვიქვეყნებია, იმიტომ, რომ წინააღმდეგობრივია. ჩვენს ჯგუფში ბევრს სურს, კვლავ რუსებზე ვკონცენტრირდეთ. ამიტომ, დღეს მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოოთ სანქციების შესახებ ჩვენი რეკომენდაციები ცალკეულ პირებზე რუსეთს მიღმა. ვფიქრობ, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო. შესაძლოა, პერსონალურად ჩართული არ ხარ, მაგრამ თუ, მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში, პასუხისმგებლობას იზიარებ. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი აფილირება რუსეთთან ამ არგუმენტით, მაგრამ არის კიდევ ბევრი უცხოელი, რომელიც ამ კრიტერიუმებს ერგება. არა მხოლოდ საქართველოდან. შეიძლება, ვინმე ამერიკელიც მოხვდეს ამ კატეგორიაში. ეს შეიძლება იყოს ყველა პირი, კომპანია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს უკრაინაში. მათ პასუხი უნდა აგონ. ეს ომი ბარბაროსულია,” – განაცხადა მაიკ მაკფოლიმ.