თავგანწირვისა და გმირობის ისტორია – შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა | 11.08.2022

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა. სამხედროებმა გაიხსენეს თანამებრძოლები, რომლებმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თავგანწირვისა და გმირობის ისტორია შექმნეს. მოგვიანებით, სასულიერო პირებმა მემორიალთან შინდისის გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.