სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მორიგი ბრალდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლისგან მიიღო მუქარა, რომ “თუ არ გაჩერდება”, მას და მის ოჯახს “გაანადგურებენ”. გოგაშვილი სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, დაიცვან მისი ოჯახი.
„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, “ოცნების” ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.ასევე, მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი” – წერს სოსო გოგაშვილი.