ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ვრცელ მიმართვას ავრცელებს | 10.08.2022

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს და თანამდებობის დატოვების მიზეზად სამეცნიერო საქმიანობაში დაბრუნებას ასახელებს.  გამყრელიძემ ვრცელ წერილში  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.  გამყრელიძე  ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრობა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგის  თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი 5 აგვისტოს გახდა. გამყრელიძის  მოვალეობას დროებით, თამარ გაბუნია შეასერულებს.

“ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას,” – ამირან გამყრელიძის განცხადება.