“ნაციონალური მოძრაობა” გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს და არჩევნების გაყალბების თემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება საგამოძიებო უწყებას ლევან ბეჟაშვილმა უკვე წარუდგინა. მისი თქმით, პარტია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყებას სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება.