უნდათ, რამენაირად დააზიანონ, ტურისტების შემოდინება შეაფერხონ – ირაკლი ღარიბაშვილი რუსების შემოსვლაზე | 08.08.2022

“ვინაიდან მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ და ტურისტების შემოდინება შეაფერხონ” ასეთია პრემიერის განცხადება აგვისტოს ომიდან  14 წლისთავზე. “ქართული ოცნება” ისევ ირწმუნება, რომ ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია, მათი თქმით,  საუბარი იმაზე, რომ რუსი ტურისტების შემოსვლა დამატებით საფრთხეებს შეიცავს, არის პოპულიზმი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში, დღეის მონაცემებით, რუსეთის 100 ათასი მოქალაქეა შემოსული მოკლე ვადით, აქედან ნაწილი ქართველები არიან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდას საგანგაშოს უწოდებს ოპოზიცია. უფრო მეტიც, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია  სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული იყოს.

ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მასიურმა  შემოდინებამ ქვეყანაში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ. 3 აგვისტოს შესაბამისი პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ერთ დღეში ხელი 15 365-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიციაზე ხელმომწერები ითხოვენ, რომ ოკუპანტი ქვეყნისა და ბელორუსის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლონ, რაც  უზრუნველყოფს მათი, როგორც მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას.