სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა, მაგრამ ამერიკამ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ – მედვედევი | 08.08.2022

რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-14 წლისთავზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომს ეხმაურება და მას “მშვიდობის იძულების ქმედებების განხორციელებას” უწოდებს, რის მიზეზდაც “მოქალაქეების დაცვას” ასახელებს. მედვედევი Telegram-ზე წერს, რომ ამავე დროს ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის სიგნალი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი იყო რუსეთის შეშფოთების გათვალისწინება.

“2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობის იძულების ქმედებები განხორციელდა მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს ეს იყო სიგნალი შტატებისა და ნატო-სთვის რუსეთის შეშფოთების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ. სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა. მაგრამ ამერიკამ და ნატო-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი. 2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევად შეიცვალა…” – წერს მედვედევი.

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება”.