რატომ დადის „ოცნება“ მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს – რას ამბობს ხელისუფლება | 08.08.2022

14 წლის წინ რუსეთის ავიაციამ  იერიში მიიტანა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებზე. რუსული აგრესიის შედეგები, მცოცავი ოკუპაცია და მოქალაქეების გატაცება დღემდე გრძელდება. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად კიდევ 26 ათასამდე ადამიანი იქცა.

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ გმირებს ოჯახის წევრები და ახლობლები იხსენებენ, ისინი დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ.

რუსეთის რეგულარულმა არასამშვიდობო სამხედრო ძალებმა 2008 წლის 7 აგვისტოს  გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოში ომის დაწყების თარიღი სწორედ  7 აგვისტოა.  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.