ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს. ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე. პარტია „ლელო“ სავიზო რეჟიმის კონკრეტული წესების ამოქმედებას და სხვა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. მათი თქმით აუცილებელია შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი, ასევე, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი.
„სავიზო რეჟიმი რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის“ – ამ სახელწოდებით 3 აგვისტოს პეტიციაც შეიქმნა. პეტიციის შემქმნელები სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ, რათა ოკუპანტი ქვეყნისა და ბელორუსის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლონ, რაც უზრუნველყოფს მათი, როგორც მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას. პეტიციას რამდენიმე საათში ხელი 14 000-მდე ადამიანმა მოაწერა.იდეა თავდაპირველად პარტია ლელომ გაახმოვანა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმის დაწესება და შესაბამისად, არსებული პოლიტიკის შეცვლა ირაციონალურია და სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა.