საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – საერთაშორისო გამჭვირვალობა კვლევას აქვეყნებს | 03.08.2022

გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – ამ კვლევის ავტორი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოა”. კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში  ომის დაწყების შემდეგ საქართველოში  6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებული კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში სწორედ ბიზნესის საკეთებლად ჩამოვიდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამ კუთხით, მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის და საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.