„HIMARS-ი საქართველოს“ – რესპუბლიკური პარტიის ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ განცხადებას კონგრესმენი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან. კინზინგერი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის დამცირების შემდეგ, დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლი შესუსტდება.
“რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს … როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS საქართველოს!”, – წერს კინზინგერი.
HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის მეშვეობით, უკრაინამ ფრონტზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი გააჩნია და მაღალი სიზუსტის არის. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გადაცემას ითხოვს.გასული წლის ბოლოს ის ამბობდა, რომ უკრაინაზე რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაზრდილიყო.