ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მთავრობის სხდომაზე | 01.08.2022

გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ოჯახებს მთავრობა 100 ათას ლარს გამოუყოფს – ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.  ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებსა და შს სამინისტროს.

დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისევ ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით,  ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. პრემიერმა  აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდეს.

ღარიბაშვილის თქმით, 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას.