“საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა ვიწრო ინტერესებს ემსახურება” – საქართველოში ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის განხეთქილების შექმნას. მორიგი ინტერვიუ ამ თემაზე, კელი დეგნანმა “ამერიკის ხმას” მისცა. დიპლომატი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე კონცენტრირებული რჩება. კელი დეგნანი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს, რათა თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში საქართველომ საკუთარი ადგილი დაიკავოს.
საქართველოში მიმდინარე ანტიამერიკულ კამპანიას, ვაშინგტონში ამერიკელი სენატორებიც გამოეხმაურნენ. რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. რიშის შეფასებით, დაპირისპირების და უნდობლობის კამპანიას მედიასივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კი თქვა, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, უკვე გამოცდილი, რუსული მეთოდია. მან საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში უნდობლობის დათესვის მცდელობები შეაჩერონ.
ანტიამერიკული კამპანია საქართველოში განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გამძაფრდა. პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული წევრები ელჩ დეგნანს და მასთან ერთად ამერიკას, საქართველოს რუსეთთან ოში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ. შეერთებულ შტატებში ამ ბრალდებებს „აბსოლუტურ აბსურდად“ აფასებენ. რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ელჩზე თავდასხმას სახელმწიფო დეპარტრამენტის ბრიფინგის გახსნისას პრესსპიკერი, ნედ პრაისიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს და რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების “ზოგიერთი” წარმომადგენელის მხრიდან ისმის, მიზნად საქართველოს მოქალაქეების ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას ისახავს.