ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარებაა განხილული | 29.07.2022

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ელიტური კორუფცია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ძალადობა სამოქალაქო აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში არსებული ვითარებაა განხილული. საინვესტიციო კლიმატის შესახებ მომზადებულ, 2022 წლის ანგარიშში, ყველაზე ვრცელი ნაწილი, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის საკითხსა და მასში პოლიტიკურ ჩარევას ეთმობა. ოფიციალური ვაშინგტონისთვის,  შემაშფოთებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში პოლიტიკური კვალი, რაც მათი შეფასებით  სასამართლო დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია კორუფციის თემაზე და აღნიშნულია, რომ ქვეყანა დაბალი დონის კორუფციას ებრძვის, თუმცა ელიტური კორუფციის წინაშე საზოგადოება დაუცველია. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ნაწილში საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუციები პარტნიორების შესაბამისად მოქმდებენ.  ანგარიშში მოხვდა, ჩავარდნილი საინვესტიციო პროექტებიც, მათ შორის    ნამახვანჰესი  და ანაკლიის პორტი.

“შეშფოთება მოსამართლეების დანიშვნის პროცესის კეთილსინდისიერებასთან და სასამართლოს უნართან დაკავშირებით, რომ უზრუნველყონ ხარისხიანი შედეგები, სასამართლო სისტემის მიმართ ინვსტორების ნდობაზე უარყოფითად მოქმედებს. მთავრობის გაუბედაობა, რომ ჩაატაროს სასამართლო სისტემის სრული რეფორმა, რათა უზრუნველყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესაბამისობა, კიდევ უფრო უთხრის ძირს სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი რწმენას. ბევრი ინვესტორი აღიქვამს საქართველოს სასამართლო პროცესებს როგორც ნელს, არაეფექტურსა და არასაკმარისად გამჭვირვალეს. ყველა ეს საკითხი გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ. ეს არის ერთერთი ყველაზე მწვავე შეფასება ინვესტორებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმატებულად ებრძვის თვალსაჩინო დაბალი დონის კორუფციას, ქვეყანა რჩება დაუცველი .. “ელიტარული კორუფციისწინაშე: მაღალი დონის თანამდებობის პირები იყენებენ იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ამაღლების ან ანგარიშსწორებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ძირითადად დაუდასტურებელი ხმების დონეზეა, კორუფციის ამ ფორმას ან მისი არსებობის აღქმას აქვს პოტენციალი, შეარყიოს საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა საქართველოს ინსტიტუტებისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ,” – ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა, საპროტესტო აქციებიც, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. 20 ივნისისა და 5 ივლისის აქციებზე სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებზე თავდასდხმებზე აღნიშნულია,  რომ პოლიციამ ულტრამემარჯვენე ძალადობისთვის ხელსაყრელი გარემო დაუშვა.