კელი დეგნანის პასუხი ბიძინა ივანიშვილს – მმართველი გუნდი რიტორიკას არ ცვლის | 28.07.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან “შანტაჟზე” ან მოქმედებებზე, რაც  ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას უკავშირდება. კელი დეგნანმა ექსკლუზიური ინტერვიუ “ინტერპრესნიუსს” მისცა. ამავე ინტერვიუში კელი დეგნანი უკმაყოფილებას გამოთქვამს პირადი კომუნიკაციის გასაჯაროვების გამო. როგორც დეგნანმა აღნიშნა, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად.

“როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბატონი ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა,  რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა, რომლის ინიციატორით თავად ელჩი იყო. მმართველი გუნდის ლიდერების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.