“დეპოლარიზაცია პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა” – “ოცნება” ირაკლი კობახიძის დასაცავად | 26.07.2022

ირაკლი კობახიძე თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ბოდიშის მოხდის ნაცვლად, “ქართული ოცნების” თამჯდომარე ჟურნალისტს კვლავ შეურაცხყოფას აყენებს. გავრცელებულ განცხადებაში, ირაკლი კობახიძე ამბობს,რომ მთავარი არხის ჟურნალისტი სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა. მმართველი გუნდის ლიდერის კრიტიკის ობიექტი დღეს გახდა ყველა ის პირი, ვინც მისი ქცევა უარყოფითად შეაფასა. კობახიძის თქმით, ვინც გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტის უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა,პავლიკა მოროზოვები არიან.მათ შორის კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც მოიხსენიებს.

“გუშინ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს “რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა” იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ,” – წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის გაუმართლებელი საქციელი  ყურადღების ეპიცენტრში, გუშინ, ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ მოექვა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს “მთავარი არხის”  ჟურნალისტმა სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმის შესახებ, რომ კობახიძის მამა კაგებეშნიკია. მმართველი გუნდის ლიდერმა არახამიას არაკაცი უწოდა, შემდეგ კი ჟურნალისტს გულისამრევი და სამარცხვინო. კობახიძის შემდეგ სიძულვილის ენა და თავდასხმა მედიაზე მამუკა მდინარაძემ  გააგრძელა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფას ეხმაურება მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებში შეისწავლოს.მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ  ირაკლი კობახიძის აგრესიას გმობს  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.  ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია ჟურნალისტისადმი ამგვარი დამოკიდებულება და დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.