დავით ხიდაშელი “ვითიბი ბანკს” ყიდულობს. უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, საქართველოში “ვითიბი ბანკმა” საკუთარი აქტივების დიდი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, “ლიბერთი ბანკს” მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი და კლიენტთა ბაზა გადასცა, ხოლო “ბაზის ბანკს” VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები მილიარდ 500 მილიონ ლარამდე შემცირდა. ხიდაშელის მიერ “ვითიბი ბანკის” შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ამბობენ, რომ ოფიციალურად მათთან ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. მათი თქმით, ნებისმიერი გარიგება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ნებისმიერი გარიგება ამერიკის ხაზინის დეპარტამენტთან უნდა შეათანხმონ.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელს საზოგადოება ე.წ კარტოგრაფების საქმიდან იცნობს. ის ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდება რაჭაში ტყის მასივის იჯარით აღებას. ცნობილია ასევე, რომ დავით ხიდაშელმა მარტში გამართულ აუქციონზე ე.წ “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.