სალომე ზურაბიშვილი მთავრობას და “ქართულ ოცნებას” ღიად აკრიტიკებს. პრეზიდენტი პრემიერმინისტრს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმისთვის საყვედურობს. ზურაბიშვილის თქმით, ფაქტობრივად ღარიბაშვილმა საქართველო მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად აქცია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს ეკამათება. სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ამბობს, რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების ქმედებები, “ელჩების და ევროპარლამენტარების ლანძღვა” დამაზიანებელია, პარალელურად, კი მისი თქმით, “ქართული ოცნება” “რუსეთს ისე უფრთხილდება, როგორც არასდროს”. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მთავრობის მეთაურმა არ იცის ევროპული ინსტიტუციების მუშაობის პრინციპები. ასევე, ირკვევა, რომ ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება. “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხუნდაძემ, ყაველაშვილმა და სუბარმა მმართველი გუნდი მხოლოდ ფორმალურად დატოვეს, რასაც განცხადებებიც ადასტურებს. სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლებმაც მისი ევროპაში ვიზიტები არაკონსტიტუციურად შეაფასეს. პრეზიდენტმა თქვა, რომ მმართველი გუნდი, თავისი გამოსვლებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.
“დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე… გასამდა და დამთავრდა” – საქართველოს პრეზიდენტი კვლავ იმეორებს, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის შეწყალებას არ აპირებს. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში ნიკა გვარამიას პროცესის ჩანიშვნა გაუგებარი იყო და ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანა. ჟურნალისტის კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა სამართლებრივ სტანდარტებს ნიკა გვარამიას საქმე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს მისი შესაფასებელი არ არის.