დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს ექომაგებიან და აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს თავს ესხმიან. წერილის ადრესატი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისია. მიმართვაში, რომელსაც დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. ივანიშვილის დამცველები თვლიან, რომ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისებას ახდენს. წერილში ვრცლად არის საუბარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები იმუქრებიან, რომ ივანიშვილის ღირსების შეურაცხყოფა უპასუხოდ არ დარჩება.