რუსეთი ოკუპირებული სოხუმისგან, ბიჭვინთის ტერიტორიის სამუდამო დაკანონებას ითხოვს | 21.07.2022

რუსეთი ოკუპირებული სოხუმისგან,  ბიჭვინთაში  184 ჰექტარი ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე მდებარე, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას ითხოვს.  აფხაზი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ბიჭვინთელები, რუსეთისათვის, ტერიტორიების  დათმობას აპროტესეტებენ. ვნებათაღელვა ოკუპირებულ სოხუმში ბოლო რამდენიმე კვირაა არ ცხრება. დღეს აფხაზეთის ე.წ  პრეზიდენტს,  ასლან ბჟანიას  მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრის დატოვება მოუხდა.  ერთ-ერთი მთავარი საკითხი,  რომელიც ამ შეხვედრაზე განიხილებოდა რუსეთისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკ “ბიჭვინთის” გადაცემა იყო.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში დოკუმენტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის მფლობელობაში უსასყიდლოდ გადავა.  აფხაზეთის ე.წ  პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად,  ხელშეკრულების ტექსტს  ე.წ პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე,  განცხადება თბილისში, ოპოზიციამ გააკეთა. ამ პროცესზე, სტრატეგია აღმაშენებელმა ისაუბრა და რუსეთი, აფხაზეთის ანექსიაში დაადანაშაულა. ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზი ხდება, მიმდინარე პროცესებზე, ოფიციალური თბილისის დუმილიც.