განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკისკენ – დეგნანი | 21.07.2022

“ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, რადგან ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს” – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის ელჩი  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კელი დეგნანის თქმით, დიპლომატები შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ. მისი თქმით,  სპეკულაცია და ჭორაობა პარტნიორულ ურთიერთობებს არ ეხმარება. ელჩის შეფასებით, მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები ნიშნავს ამერიკელი ხალხისა და ამერიკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

“ჩვენ საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ, ვინც მიისწრაფვის გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. როგორც თქვენ მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას საქართველოში და გამოხატავს დიდ ინტერესს იმიტომ, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულები ამ ქვეყნის წარმატებით. სწორედ ამიტომ ვუჭერდით მხარს საქართველოს ამდენად ფართოდ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. როგორც ნედ პრაისმა თქვა, ეს არ არის გზა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. მე დიპლომატი ვარ, შეერთებული შტატების ხალხს წარმოვადგენ. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩემზე კეთდება, მომართულია არა ჩემკენ პერსონალურად, არამედ ამერიკელი ხალხისკენ და ამერიკის პრეზიდენტისკენ. მისტერ პრაისმა რაც თქვა, მართალია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ პარტნიორები ვართ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც არის მინიშნებები, ჭორები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს დამაბნეველია ქართველი ხალხისთვის და ეს დიალოგს ხელს არ უწყობს. მე ადრეც ვთქვი, რომ ბუნებრივია პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს პირად, არასაჯარო საუბრებში უნდა განიხილებოდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს საჭიროა, საჯაროდაც უნდა გაკეთდეს განცხადებები, რაც ჩვენც არაერთხელ გაგიკეთებია, როდესაც ვთვლიდით, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული მისწრაფებების გზას, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემით,” – განაცხადა კელი დეგნანმა.