“ქართული ოცნების” ანტიამერიკულ კამპანიას ამჯერად მოსამართლეთა ტრიო უერთდება | 20.07.2022

“ქართული ოცნების”  ანტიამერიკულ კამპანიას ამჯერად მოსამართლეთა ტრიო უერთდება.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს  მხარდაჭერას უცხადებენ და ამერიკის საელჩოს აკრიტიკებენ. ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც  აღნიშნულია,  რომ აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის პროცესში ფავორიტიზმის პრინციპი მოქმედებს.  ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აშშ-ში ქართველი მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართული არ არის. მათივე თქმით, მოსამართლეებს პირდაპირ უკავშირდებიან საელჩოს თანამშრომლები, ხშირ შემთხვევაში, კი  კევინ ბურკი, რომელზეც ნიკა გვარამიას საქმის მოსამათრთლე საუბრობდა. ამბობენ, რომ ამერიკის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, თავმჯდომარესთან ან მდივანთან კომუნიკაციის გარეშე,  პერიოდულად სტუმრობს გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს. ეს  მათი შეფასებით ცალსახად სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლის და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარებაა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, ამერიკის საელჩომ უარი უთხრა  იმ პროგრამაში მონაწილეობაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში  ტარდება.  მომხდარზე ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ  აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, კევინ ბურკი მას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა და ელჩის სახელით, გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ აშშ-ში სასწავლო პროგრამით აღარ გაემგზავრებოდა.