“რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო კი ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს” – ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ინტევიუში განაცხადა. ჰოჯესი ამბობს, რომ მას რუსეთის დამარცხების სჯერა, რის შემდეგაც საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება. მისი თქმით, უკრაინაში მარცხის შემდეგ რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშალას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ რუსებს ცოცხალი ჯარის და შეიარაღების სერიოზული პრიბლემა აქვს და მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი უკვე ციხიდან გამოჰყავთ.
“მჯერა, რომ ივლისი იქნება კრიტიკული თვე, როდესაც საბოლოოდ საგრძნობი გახდება იმ მხარდაჭერის სრული წონა და ეფექტი, რომელსაც ამერიკა უკრაინას საარტილერიო და სარაკეტო სისტემების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით უწევს. ამას დაემატება ისიც, რომ რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს. მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ. ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქროს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?” – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.