“ქვეყნის მეთაური, სამთავრობო გუნდთან ერთად – ბიძინა ივანიშვილის დასაცავად არის მობილიზებული” – ასეთია ოპოზიციის შეფასება იმ წერილზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა. ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური, დაუფარავად ცდილობს ივანიშვილის იმიჯის გადარჩენას და აპროტესტებს მის ოლიგარქად მოხსენიებას. ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებულები არიან რომ ევროკომისიის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილი პერსონალურად ღარიბაშვილის დაწერილი არ არის, რადგან მათ წერილში ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა ამოიკითხეს. ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში ოპოზიცია საკმაოდ მკაცრ ტონს ხედავს, ამბობენ რომ საერთაშორისო პარტნიორებს ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შინაარსი მისაღებია, მისი თანაგუნდელებისთვის. “ქართულ ოცნებაში” იმეორებენ, რომ ევროკავშირში მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც სწორედ დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, ჩალის ფასი აქვს. მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორების მიერ ივანიშივლი ქვეყნის არაფორმალური მმართველად ხსენაბ, რის გამოც ისინი მთავრობის მეთაურის რიტორიკას იმეორებენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რიგით მეორე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. მეორე წერილი მან, გუშინ, ურსულა ფონ დერ ლაიენის გაუგზავნა. წერს, რომ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. პრემიერისთვის განსაკუთრებით მიუღებელია რეზოლუციაში ბიძინა იავნიშვილის შესახებ ჩანაწერი, სადაც მის არაფორმალურ მმათველობაზეა საუბარი. ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს სწერს, რომ რეზოლუციის ჩანაწერებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად იყენებს, ამიტომ ის კომისიას თხოვს რომ დეოლიგარქიზაციის პერსონიფიკაციას გაემიჯნოს.