ვაშინგტონში ამერიკის ელჩის კრიტიკას პასუხობენ. ამერიკის ხმა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანთან და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორთან დევიდ კრამერთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ამერიკის ელჩის კრიტიკა შეწყვიტოს და პოლიტიკური ოპონენტების დასუსტების მცდელობის პარალელურად, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი შეუქცევადად არ დააზიანოს. ცნობისთვის, ქართული ოცნებისგან და მისგან სულ ცოტა ხნის წინ გამოყოფილი დეპუტატების მხრიდან ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაისმა. ელჩს რამდენჯერმე მოუხდა იმის განმარტება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ან ამის მსურველი ძალების მხარდაჭერაზე საუბარი სრულიად აბსურდულია. დეგნანმა მის მიმართ კრიტიკულ წერილს ტყუილებითა და კონსპირაციებით სავსე უწოდა.
“ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი. ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას,” – განაცხადა დევიდ კრამერმა.