ღარიბაშვილი ივანიშვილის დასაცავად ამჯერად საერთაშორისო ასპარეზზე – წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს | 18.07.2022

ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი მისწერა, სადაც ევროპარლამენტის მიერ, 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაზე წერს, რომ დოკუმენტი “უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს”. პრემიერ-მინისტრი წერილში ძირითადად ივანიშვილს იცავს და წერს, რომ სწორედ ევროპარლამენტარების ამ რეზოლუციის გამო შეუჩერა ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა გადარიცხვები. ღარიბაშვილი წერილში ითხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ის ასევე წერს, რომ არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. დანართის სახით კი ღარიბაშვილმა ფონ დერ ლაიენს მეორე წერილსაც უგზავნის. საუბარია, იმ ვრცელ მიმართვაზე, რომელიც 12 ივლისს გავრცელდა და რომელშიც ასევე, ძირითადად ივანიშვილის მიერ მოტანილ სიკეთეებზე იყო  საუბარი.

“ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული.  ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას,” – ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს.