სოსო გოგაშვილი განსასჯელის სკამზე – მომექცნენ, როგორც უკანასკნელ ტერორისტს, რასაც არ ვიმსახურებდი | 18.07.2022

სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის  ყოფილმა მოადგილემ სასამართლო სხდომაზე მის დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა.  გოგაშვილი ამბობს, რომ სპეცოპერაციისას მათი საცხოვრებელი სახლის კარი ააფეთქეს. დაკავების მომენტში მის მიერ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და ადგილი ჰქონდა მისი ოჯახის წევრების წამებას.

გოგაშვილის თქმით,  ბრალს უყენებენ, რადგან ამხილა რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის “გადაგდებს” ცდილობდა.

დაკავების დეტალებზე საუბრის შემდეგ, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.  პროკურორის  განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილებაც მოსამართლემ  დახურულ კარს მიღმა  მიიღო. აღკვეთი ღონისძიების სახით ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. ცნობილი გახდა, რომ პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ნაწილში საუბარია, 2021 წლის თებერვალში ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ინტერვიუზე, რა დროსაც ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ სოსო გოგაშვილს,  რუსეთის მოქალაქეებზე, კონსტანტინ რომანოვსკისა და დავით ადამიაზე ჰკითხა. ერთ-ერთი მომჩივანი, სწორედ კონსტანტინ რომანოვსკია, რომელიც სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაში სდებს ბრალს.