რა არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავების რეალური მიზეზი? | 18.07.2022

მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ  საქმის მასალებს არ იცნობენ, თუმცა ამავდროულად ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება სამართლებრივი აქტია და მას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მათი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არა რომელიმე პარტიის ოფისში, არამედ შესაბამის უწყებებში მიიღება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი კი სოსო გოგაშვილს კლასიკურ პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს. ამბობენ, რომ ის დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, თუმცა მასზე სამართლებრივი დევნა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან „ქართული ოცნების“ მხილება გადაწყვიტა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ დანაშაულები, რომელსაც წლების მანძილზე ჩადიოდნენ ფარული მიყურადების თუ არჩევნების გაყალბების კუთხით, საჯარო გახდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გოგაშვილის დაკავება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და ეს არის გზავნილი სხვებისთვის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში მწარედ დაისჯებიან.